ევროპაში კოვიდშეზღუდვები ხალხმა მასობრივად გააპროტესტა

ევროპაში კოვიდშეზღუდვები ხალხმა მასობრივად გააპროტესტაკორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „ვაქცინაციის დიქტატურა“ – რესტორნებში, ბარებსა და სხვა ადგილებში კოვიდ საშვების წარდგენის წესი გააპროტესტეს.

მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა პიროტექნიკის ტარებისთვის 11 ადამიანი დააკავეს, კიდევ 30 ადამიანი კი აქციის დროს მას შემდეგ დააკავეს, რაც მომიტინგეების ნაწილმა პოლიციას პიროტექნიკა ესროლა.

ბელგიაში, 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე პერიოდში, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევების 96%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა.

პრაღაში, ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხელისუფლების გეგმა, რომელიც გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისა და პროფესიის ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის ითვალისწინებს. „თავისუფლება, თავისუფლება!“ -სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებმაც ჩეხეთის დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს გერმანიის რამდენიმე ქალაქშიც, მათ შორის, ჰამბურგში, ფრანკფურტში, დიუსელდორფსა და კობლენცში. ჰამბურგში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 13.000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შეკრებილმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის წესი გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრიაშიც. ქვეყნის დედაქალაქ ვენაში 40.000-მდე ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის გეგმა, რომლის თანახმადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 თებერვლიდან სავალდებულო უნდა გახდეს.

ავსტრია, ისევე როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეულ ინფიცირების შემთხვევების ზრდას ებრძვის. ქვეყანამ, ბოლო დროს დაწესებული „ლოქდაუნის“ საშუალებით ახალი შემთხვევების შემცირება მოახერხა, თუმცა მკაცრი შეზღუდვები მოხსნის შემდეგ დაინფიცირების ტემპი კვლავ გაიზარდა.

იპნ