15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მკვლელობის იარაღი ბრალდებულ ლ.ი.-ს ჰქონდა და არა – თავად გარდაცვლილს.
როგორც ვეფხვაძე აცხადებს, კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა თან ნაქონი მკვლელობის იარაღი პირველივე შესაძლებლობისას გამოიყენა.
“სასამართლო პროცესზე დაიკითხა გარდაცვლილის დედა, რომელმაც დაადასტურა, თუ საიდან, ვისგან შეიტყო მისი შვილის მკვლელობა და მან მოითხოვა სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების სათანადოდ შეფასება და ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან მისი შვილი მოკლულია. რაც შეეხება სასჯელს, ამ ნაწილში ის თავის პოზიციას დააფიქსირებს, როცა სასამართლო, დარწმუნებული ვარ, ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და სასჯელის დანიშვნის სხდომა დაინიშნება”,- განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.
“მინიმუმ, 10 პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი მოკლა განზრახ წინასწარი შეცნობით, ასევე, მეორე არასრულწლოვანმა მომხდარი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობიან. შესაბამისად, მოსაზრება იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა აუცილებელ მოგერიებას, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა და ეს სამედიცინო დასკვნით დადასტურდა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ბრალდებულს არავითარი დაზიანება არ აქვს. შესაბამისად, ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
რაც შეეხება დანაშაულის საგანს, დიახ, ის ბრალდებულმა მიიტანა და მას ჰქონდა, მან პირველივე შესაძლებლობისას გამოიყენა და მოკლა 15 წლის არასრულწლოვანი. ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გამოძიებას მხოლოდ 40 დღე ჰქონდა, ამიტომ საქმე გამოიყო და აქტიურად გრძელდება საფამოძიებო მოქმედება მათ შორის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, დაფარვის და ძალადობის ფაქტზე. ყველა პირი, ვისაც ამ დანაშაულში რაიმე ფორმით ბრალი მიუძღვის, ყველა სათანადო პასუხისმგებლობაში მიეცემა”,- განაცხადა ვეფხვაძემ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი ხანჯალი იყო.
4 დეკემბერს, თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდი – დავით კრავეიშვილი – მოკლეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი ლ.ი. დააკავეს. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი პ.ვ., რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
იპნ

