ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულებმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.

ვინაიდან დაკავებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას ითვალისწინებს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულებს განუმარტა აღნიშნული საკითხი და იკითხა, სურდათ თუ არა დაკავებულებს, მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გასულ სხდომაზე აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძე კი თავს დამნაშავედ ნაწილობრივად მიიჩნევს, კერძოდ, ის აცხადებს, რომ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის არშეტყობინებაა.

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა ფედიქსის დამფუძნებელია.