პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. სხვადასხვა დაზიანებით პაციენტები კლინიკებში გადაიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი რჩება დამწვრობის ცენტრში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაზიანებები კი სახის არესა და კიდურებზე აქვთ.
“სტაციონარში იმყოფება სამწუხაროდ 2 ბავშვი, 8 წლის და 9 წლის. მათ დამწვრობა აქვთ მიღებული პიროტექნიკის გამოყენებით შედეგად, დაზიანებული აქვთ ორივე მტევანი და სახის არე. ამჟამად იმყოფებიან დამწვრობის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში. სულ დაფიქსირდა 30 შემთხვევა, დიდ უმრავლესობას ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მიეცათ რჩევა-დარიგება,”- აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
რაც შეეხება იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს, აქ 4 მოზარდი იმყოფება, რომელთაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ. მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგის, პროფესორ ბიძინა კანაშვილის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ თითის დაკარგვა ადგილზევე გამოიწვია.
“ჩვენს კლინიკაში არის 4 ბავშვი, ოთხივე მათგანი არის კიდურის მძიმე დაზიანებით, ამიტომ მოხდა მათი დაყოვნება. რაც შეეხება 2 ბავშვს, აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და უკვე გაწერილები არიან კლინიკიდან. ამ 4 ბავშვიდან 4-ივეს ადგილზე მოუვიდათ ეს ამპუტაცია, ასაფეთქებელი მოწყობილობა რომ გასკდა, თვითონ იქვე მოხდა თითის ამპუტაცია,”- აცხადებს ბიძინა კანაშვილი.
რუსთავი 2