პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატურა წარუდგინა – ასარჩევად “ოცნების” ხმები საკმარისი არ არის

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატურა წარუდგინა - ასარჩევად "ოცნების" ხმები საკმარისი არ არისპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა.

ცესკო-ს თავმჯდომარედ ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დირექტორი თენგიზ თევზაძე წარადგინა.

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, პრეზიდენტმა 4 კანდიდატი წარადგინა.

პროცედურის მიხედვით, წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მოუსმენს, შემდეგ კი მათი არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც თენგიზ თევზაძე აცხადებს, ის პარლამენტს  კონკრეტულ გეგმას და რეფორმების პაკეტს წარუდგენს, რაც საზოგადოებაში გააჩენს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

– მე ვაპირებ, საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს წარვუდგინო კონკრეტულ გეგმა და რეფორმების პაკეტი, რაც საზოგადოებაში გააჩენს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. სამართლიანი და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია საფუძველია თანამედროვე, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების, – ამბობს თევზაძე.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით რომ დაინიშნოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა, ამ შემთხვევაში თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ ექვსი თვით დაიკავებს.

ვინაიდან “ქართულ ოცნებას” 90 მანდატი აქვს, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად ოპოზიციის ხმებიც იქნებაა საჭირო, რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონსულტაციების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ვადა 2022 წლის თებერვალში გასდის.