სასამართლო ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას, საქმის განხილვას იწყებს. პროცესი ონლაინ რეჟიმში დღეს არის ჩანიშნული, თუმცა ბრალდებული მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
ადვოკატის განმარტებით, ლექსო რაფავამ საქალაქო სასამართლოში ეტაპირება და პროცესზე უშუალოდ დასწრება ითხოვა, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღო.
ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ.
– ბრალდებულის პოზიცია იყო ცალსახა. მან სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ დისტანციურად არ ყოფილიყო მისი საქმის განხილვა. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის პოზიცია და პენიტენციურ სამსახურს გაუგზავნა მოთხოვნა, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად მიიღო პასუხი, რომ 10 იანვრამდე პენიტენიცური სამსახურიდან პატიმრების გაყვანა ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ლექსო რაფავამ მიიღო გადაწყვეტილება და სწორი პოზიციაა, რადგან მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნადა მან ყველანაირი კანონიერი საშუალებით უნდა დაიცვას თავი, უარი განაცხადა წინასასამართლო სხდომაზე დასწრებაზე და დისტანციურ ჩართვაზე საპყრობილედან, – განაცხადა ადვოკატმა.
თუ ლექსო რაფავას გათავიოსუფლება დროულად არ მოხდება, მისი მეუღლე არასრულწლოვან შვილთან ერთად შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
– პროტესტის ნიშნად არ ჩაერთვება სასამართლო პროცესში. იმედია, მალე მოხდება ლექსოს გამოშვება ციხიდან თუ არადა, მე და ჩემი არასრუწლოვანი შვილი შიმშილობას დავიწყებთ თბილისში მთავარ პროკურატურასთან, – განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.
ლექსო რაფავას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციამ წინასაარჩევნო პერიოდში დააკავა. თავად ბრალდებულიც და მისი ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ რაფავა “ქართულმა ოცნებამ” სამაგალითოდ დასაჯა, რადგან ის “ნაციონალური მოძრაობის” მხადამჭერია.
ტვ პირველი

