24 იანვარს მედიასაშუალებებში გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკური ძალადობის ფაქტია ასახული. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს თავში და სახის არეში სამართალდმცავი არასრულწლოვანს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ძალადობის მსხვერპლი 17 წლის შშმ პირია.
შსს-მ მომხდარის გამოძიება გუშინ დაიწყო, დღეს კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2 პოლიციელი დააკავეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი გამეზარდაშვილის თქმით, შს თანამშრომლები დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
“ტვ პირველმა” გაარკვია შშმ პირზე ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცველების ვინაობა.
დაკავებულები არიან ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი.
“პირველების” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძეა ის პირი, ვინც, ახალგაზრდას თავში გამეტებით ურტყამს. მას ბრალი წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე წაუყენეს.
რაც შეეხება მეორე პოლიციელს, მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს, რომელიც კოლეგის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს მდუმარედ უყურებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ.
ნუკრი ბაქრაძის მეზობლები მომხდარის გამო შოკირებულები არიან – მათი თქმით, ბაქრაძე შსს-ში 20 წელია მუშაობს. რაც შეეხება ბაკაშვილს, მის საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.
ტვ პირველი

