“საგანგაშოა მისი ფსიქიკური მდგომარეობაც” – კანონიერი ქურდი კახა შუშანაშვილი მარსელის ციხეში აუტანელ პირობებში ზის

"საგანგაშოა მისი ფსიქიკური მდგომარეობაც" - კანონიერი ქურდი კახა შუშანაშვილი მარსელის ციხეში აუტანელ პირობებში ზისსაფრანგეთის სასამართლოს იშვიათი გადაწყვეტილება – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გავლენიანი ფრანგული გამოცემა. “ლე პარიზიენი” ქართული დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის, კახა შუშანაშვილის შესახებ წერს, რომელიც უკვე მეექვსე წელია, სასჯელს მარსელის ციხის სამარტოო საკანში იხდის.

საფრანგეთში მისმა ადვოკატებმა სასამართლო დაარწმუნეს, რომ ქართველი “კანონიერი ქურდი” ციხეში ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შუშანაშვილის მიმართ მოპყრობა წამებასა და არაადამიანურ პირობებს უტოლდება. ფრანგი ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითხოვენ.

“სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ კახა შუშანაშვილის დაკავების შემდგომი პირობები ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას. სამწუხაროდ, ციხის ადმინისტრაცია დღესაც აგრძელებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების უგულებელყოფას. ფიზიკური მდგომარეობის გარდა საგანგაშოა მისი ფსიქიკური მდგომარეობაც, რომელიც 2015 წლიდან არ უმჯობესდება. ის უკვე მეშვიდე წელია სამარტოო საკანში, განსაკუთრებით მკაცრ პირობებში იმყოფება, მაშინ როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სამარტოო საკანში პატიმრის მოთავსება არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს. ასეთი რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ განსაკუთრებით საშიში ტერორისტების მიმართ” – აცხადებეს ადვოკატი.

საფრანგეთი კახა შუშანაშვილს, ნიცაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობას ედავება, თუმცა მის მიმართ კიდევ სხვა არაერთი მძიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ესპანეთსა და საქართველოშიც. საბერძნეთში იხდის სასჯელს მისი ძმა, ლაშა შუშანაშვილიც, რომელიც 2018 წელს ქართული მაფიის წინააღმდეგ ევროპოლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააპატიმრეს.

“კანონიერი ქურდის” ქართველი ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს. “კურიერთან” საუბრისას გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კახა შუშანაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ადვოკატს ამის ერთ-ერთ არგუმენტად  სამარტოო საკანში გადაღებული ფოტო მასალა მოჰყავს, სადაც ჩანს, რომ პატიმარს ქვედა კიდურებზე სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება.

კახა შუშანაშვილმა საფრანგეთის სასამართლოში ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ თავს ავტომობილების იმპორტით ირჩენს.

რუსთავი 2