ზელენსკი – “არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები”

ზელენსკი - "არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები"უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არ არსებობს “მცირე შეჭრა” და “პატარა ერები”.

,,მინდა შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული. ამას ვამბობ, როგორც დიდი ძალის პრეზიდენტი“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი.

პრეზიდენტმა ბაიდენმა 19 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთი ”პასუხს აგებს, თუ უკრაინაში შეიჭრება, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ის“. მან ასევე დასძინა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში მკაცრ პასუხს გამოიწვევს.

„თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაადგილდებიან უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება ხელახალი შეჭრა, რასაც აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

იპნ