ზურაბ ჩაღიაშვილი – “ჩემი შვილი ბირჟაზე გამოიძახეს და თოფი ესროლეს” – გურჯაანში მკვლელობის დეტალები

ზურაბ ჩაღიაშვილი - "ჩემი შვილი ბირჟაზე გამოიძახეს და თოფი ესროლეს" - გურჯაანში მკვლელობის დეტალებიგურჯაანის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. გიორგი მღებრიშვილმა გოჩა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა.

მოკლული 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილის მამა ზურაბ ჩაღიაშვილი “მთავართან” ამბობს, რომ მის შვილს გიორგი მღებრიშვილის ნათესავთან თანხასთან დაკავშირებული დაპირისპირება ჰქონდა. ჯერ კიდევ 2005 წელს მხარეებმა ამის გამო დუელი გამართეს, რომლის დროსაც ჩაღიაშვილმა გიორგი მღებრიშვილის დისშვილი მოკლა.

ამის შემდეგ ოჯახებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. როგორც მოკლულის მამა აცხადებს, მის შვილს ტელეფონით დაუკავშირდნენ და სოფლის ცენტრში ჩაიყვანეს, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დახვდა.

“ვინც შვილი მომიკლა, ის ჩემთან ძმაკაცობდა ჭაბუკობას, მერე რა ვიცი, ვალი ჰქონდათ. ვირი მივყიდე, ფულს ვთხოვდი… არ მომცეს, ჩათვალე, რომ დაგაწერეთო. მერე ბალღებს მოუვიდათ დავა ფულის გამო, ბირჟაზე გამოიძახეს, ტელეფონით დაურეკეს, თოფი ესროლეს. გაიქცა პირველი სროლის მერე, კედელზე რომ გადასულიყო, ვეღარ გაასწრო, დაეცა და კეფა გაიხეთქა, ფეხში დაჭრა, ხელშიც დაჭრილია”, – ყვება გოჩა ჩაღიაშვილის მამა.

60 წლის გიორგი მღებრიშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

მისი ადვოკატი აღნიშნავს, რომ მკვლელობა არ უკავშირდება შურისძიებას, რაზეც მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობენ.

მისი თქმით, სოფლის ცენტრში დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაიწყო და ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც, გიორგი მღებრიშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და სამი გასროლით გოჩა ჩაღიაშვილი მოკლა.

– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს. თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან თვითონ დარეკა პოლიციაში და ეს ინფორმაცია თვითონ მიაწოდა სამართალდამცავ ორგანოებს. იარაღიც თვითონ გადასცა. ამ მკვლელობამდე იყო როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ძალიან დიდი შეურაცხყოფა გარდაცვლილის მხრიდან, – თქვა ადვოკატმა.

მთავარი