380.000 ლარის მითვისებისთვის ბუღალტერი პასუხისგებაში მისცეს

380.000 ლარის მითვისებისთვის ბუღალტერი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 380.000 ლარის მითვისებისთვის კომპანიის ბუღალტერი პასუხისგებაში მისცეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი, რაზეც ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ხსენებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ბუღალტრის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 380.000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.