აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
„გასულ კვირას დავთანხმდი შევხვედროდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმდინარე კვირაში, 24 თებერვალს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა, როცა ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა აშკარად აჩვენა დიპლომატიის უარყოფა, ამჯერად ამ შეხვედრას აზრი არ აქვს. კონსულტაცია მქონდა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ყველა თანხმდება. დღეს მე გავუგზავნე წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, სადაც ვაცნობე ამის შესახებ”, – განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა 24 თებერვალს ჟენევაში უნდა გამართულიყო.