22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი კავილაძე განმარტავს, რატომ დაურეკა ბუსა ჟვანიას. მისი თქმით, 15 სექტემბერს, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტის შემდეგ, დაურეკა ბუსა ჟვანიას და კუს ტბის ასახვევთან შეხვედრა სთხოვა, თუმცა შემდეგ მასთან შეხვედრა გადაიფიქრა.
გიორგი კავილაძის განმარტებით, მედიასაშუალებებით მანამდე გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბუსა ჟვანიას უთხრა „ბუსა კუს ტბაზე არ ახვიდე, მანდ ძაღლები არიანო“, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მას ბუსათი არ მიმართავს და „ძაღლების“ მსგავს ტერმინოლოგიას არ იყენებს.
მისივე თქმით, ბუსა ჟვანიასთან შეხვედრა იმიტომ გადაიფიქრა, რომ კუს ტბაზე გამოჩენა „ერთგვარ პრობლემებსაც შეუქმნიდა და არ სურდა ბავშვობის მეგობრისთვის პრობლემა შეექმნა“.
„ბუსა ჟვანიას დავურეკე და ვკითხე, თუ შეეძლო კუს ტბის ასახვევთან შემხვედროდა, მაგრამ გაავანალიზე, რომ არასწორი ნაბიჯი იყო მისი ნახვა. მედიასაშუალებებით მანამდე გაჟღერდა თითქოს ბუსა ჟვანიას ვუთხარი „ბუსა კუს ტბაზე არ ახვიდე, მანდ ძაღლები არიან თქო”, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მე მას ბუსათი არ მივმართავ და ტერმინოლოგია ძაღლებს არ ვიყენებ. მეორედაც დავურეკე, რადგან მისი კუს ტბაზე გამოჩენა ერთგვარ პრობლემებსაც შეუქმნიდა და არ მინდოდა ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის პრობლემა შემექმნა.
ვიყავი კონცენტრირებული იმაზე, რომ დავმალულიყავით და თავი გადაგვერჩინა მე და აკოს. ეს არც ჩვენი და არც მისი მიზანშეწონილობისთვის არ იყო უსაფრთხო, ვფიქრობდი ჩვენს საძებნელად მასაც გამოიყენებდნენ. ვუთხარი არ შეგვხვდე, მე თვითონ დაგირეკავ თქო. ტაქსით მივედი ჩემს სახლამდე და გამოვიცვალე ტანსაცმელი, ტანსაცმელი გვქონდა ჩანთით, ვინაიდან ვაპირებდით ბორჯომში წასვლას”, – აღნიშნა გიორგი კავილაძემ.
იპნ