გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებული სიტუაცია ძალიან რთულია და საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
„საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების კონცენტრაცია და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯონსონმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უკან დახევის დრო.
„ძალიან, ძალიან საშიში, რთული სიტუაციაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკან დაიხიოს“, – აღნიშნა ჯონსონმა.
მისი თქმით, დასავლეთმა რუსეთი აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და ერთიანი ფრონტის დემონსტრირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეკონომიკურ სანქციებს ეხება.
„გაერთიანებული სამეფო, როგორც მოგეხსენებათ, წამყვან როლს ასრულებს ჩვენი მოკავშირეების გაერთიანებაში, იმისთვის, რომ არსებობდეს სანქციების მკაცრი პაკეტი. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი იყოს ერთიანი ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
იპნ