„ნათელაშვილის პოლიტიკური უმწიფრობაა – თქვი, რისთვის შედიხარ პარლამენტში!” – დავით ბერძენიშვილი

„ნათელაშვილის პოლიტიკური უმწიფრობაა - თქვი, რისთვის შედიხარ პარლამენტში!" - დავით ბერძენიშვილიინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან
– ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ უკრაინაში და საქართველოს დროშაც ააფრიალეს. ეს ნაბიჯი ჩამორეცხავს თუ არა სირცხვილს ქვეყანას, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ?
– უკრაინელები, პრინციპში, მაინც ლმობიერად მოგვექცნენ. რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაინც დაუფასა საქართველოს სუსტი რეზოლუციის მიღება და მადლობაც გადაუხადა. უკრაინულ საინფორმაციო საშუალებებში არ დავიწყებიათ იმის აღნიშვნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ მოისურვა რუსეთის ხსენება და ამიტომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, რადგან კონკრეტულ რეზოლუციას მოითხოვდაო. არ არის ეს ადეკვატური, მაგრამ სულ არაფერს სჯობს, რომ ეს მაინც გამოვღლიტოთ ამ ხელისუფლებას. სულ არ აპირებდა არანაირ რეზოლუციას, რომ არ ყოფილიყო სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობა, რომელიც იყო ძალიან მკაფიო.
„რესპუბლიკელებს“ უკრაინის ელჩთან და საელჩოს თანამშრომლებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩვენთვის არ იყო სიახლე, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა ქართული ოპოზიცია. შევძელით კიდეც ჩვენც და სხვა პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ, როგორც იცით. ამიტომ ასეთი ვითარებაა და, რასაც ქართველი ხალხის სახელით ვერ აკეთებს ხელისუფლება, იმის გაკეთებას ცდილობს ოპოზიცია.
2013-2014 წლიდან დღემდე პერიოდში რომ შევადაროთ 8 წლის წინანდელი განცხადებები თუ რეზოლუციები, ერთობლივად მიღებული თუ მაშინდელი უმრავლესობით მიღებული რომ შევადაროთ დღევანდელს, დავინახავთ დეგრადაციის ძალიან უსიამოვნო მრუდეს. აშკარაა, რომ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკა როცა იყო „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კონტროლქვეშ, მაშინ ვერ ახერხებდა ბიძინა ივანიშვილი არადასავლური ან ნაკლებად დასავლური მაამებლური პოზიციების ფიქსირებას. ახლა არათუ ახერხებს, არამედ არც კოალიციაში ჰყავს ვინმე ხელის შემშლელი და საკუთარ პარტიაშიც კი პოლიტიკური შემადგენელი აღარ ჰყავს. ასე ხდება ხოლმე, ასე დაემართა გამსახურდიას 1991 წლის შემოდგომაზე, ასე დაემართა შევარდნაძეს ჟვანია-სააკაშვილის გუნდისგან დაცლის მერე და ასე კიდევ უარესად დაემართა ივანიშვილს – 2012-2016 წლების პოლიტიკა ღიად პროდასავლურია, 2016-2020 წლების – ჩრდილო-დასავლური, ხოლო 2020 წლის მერე ძალიან ცდილობს, დასავლურის ნაწილობრივი ორიენტირიც კი გააქროს, მაგრამ, იმედია, ვერ მოახერხებს.
– მოდით, ვაღიაროთ, მაშინაც იყო ოპონენტების მიმართ რაღაცა ტიპის დევნა, მაგრამ არა ამ დონის. უხეშად რომ ვთქვათ, ისევ საუბრობენ პარლამენტიდან 3 დეპუტატის გაძევებაზე. მათ შორის შალვა ნათელაშვილიც, რომელიც არ ყოფილა პარლამენტში და მასზე ელისაშვილმაც თქვა, რომ მხარს დაუჭერს მისთვის მანდატის გაუქმების გადაწყვეტილებას. რამდენად სწორია ეს?
– მიუხედავად იმისა, როდის რას იტყვის შალვა ნათელაშვილი, მათ შორის უჭკუოდაც ან ნებისმიერი სხვა, ვისი საკითხიც დგას, მე წინააღმდეგი ვარ მათთვის მანდატის გაუქმებისა და „რესპუბლიკური პარტია“ მხარს არ დაუჭერს რომელიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ვინც არ უნდა იყოს ის.
რაც შეეხება ხელისუფლების ამ მიდგომებს, ყველაფერი თვლითაა. ოპოზიციის საჭირო 50-კაციანი ხმა 3 საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად წკიპზეა. ნათელაშვილის ხმა, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
– ეს საფრთხე დაინახეს და ამიტომ წავიდნენ ამ ნაბიჯზე?
– ერთ-ერთი მოტივი ესეც არის. თუ დათვლით ოპოზიციონერთა რაოდენობას, 50-ის მიდამოებშია, ამიტომ ლაპარაკობენ, ახლა უნდა შევუწყვიტოთო. კანონი ამის საფუძველს აძლევს, შეუწყვიტონ უფლებამოსილება ბუბა კიკაბიძესა და ლევან ვარშალომიძეს, რადგან არ ყოფილან სხდომაზე. აგერ არის შალვა ნათელაშვილიც. საერთოდ, ეს პოლიტიკური უმწიფრობაა, ამდენი ხანი რომ არ შედიხარ და ახლა შედიხარ, თქვი მაინც, რისთვის შედიხარ, თორემ აგერ ალეკო ელისაშვილი ამბობს კიდეც ამას.
– მაგრამ, რამდენად გამართლებულია, როდესაც ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის?
– არ ვეთანხმები და ძალიან ცუდი მგონია ისიც, რომ ალეკო ელისაშვილმაც და ლევან იოსელიანმაც მხარი დაუჭირეს სახელისუფლებო რეზოლუციას. თანმიმდევრულობას ვერ დაიკვეხნიან. ეგენი პირველები იყვნენ 2020 წლის 1 ნოემბერს, როდესაც პარტიის სახელით უარი თქვეს მანდატებზე, ამ სამარცხვინო, გაყალბებულ პარლამენტში ჩვენი ფეხი არ იქნებაო. მერე პირველები შევიდნენ ყოველგვარ შარლ მიშელის დოკუმენტამდე. ასე რომ, ისინი არ არიან თანმიმდევრულები, მაგრამ შალვა ნათელაშვილზე თქვა ელისაშვილმა, რომ თუ ახლა არ შევიდოდა, კანონის შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება უწყდება და ეს არის მოტივი. მე არ ვიცი, რეალურად რა არის მოტივი შალვა ნათელაშვილისთვის. ის 4 წელი ფორმალურად ითვლებოდა პარლამენტის წევრად და ერთ სხდომაზე არ მისულა 2008-12 წლებში. ასევე აპირებს თუ რაიმე სხვა ფორმით, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მკაფიოდ ვამბობ, რომ არც ერთ დეპუტატს არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, მათ შორის არც ნათელაშვილს.
– ალბათ დამეთანხმებით, რომ კორუფციის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას ქვეყნის წინაშე და თითქოს ბრძოლასავით დაიწყეს. ეს აღიქვით, როგორც კორუფციასთან ბრძოლა თუ როგორც რაღაც თემების გადაფარვა? პირველ რიგში პარლამენტში ინიცირებულ საგამოძიებო კომისიას ვგულისხმობ.
– კი, მე მგონია, რომ კომისიის საკითხს უკავშირდება. პრინციპში, დავეთანხმებოდი თქვენს ფორმულირებას, რომ ბრძოლასავით დაიწყეს. 3 კომისიის შექმნაა დღის წესრიგში და ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი საკითხი. ეს არის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისია, ეს არის ანტიკორუფციული კომისია და ეს არის სააკაშვილის პატიმრობასთან და მოპყრობასთან დაკავშირებული კომისია. სამი სხვადასხვა პოლიტიკური ძალაა ინიციატორი ამ კომისიების შექმნასთან დაკავშირებით. სამივეს უჭირს მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა „ლელოსთან“ და „რეფორმების ჯგუფთან“, ანუ „სტრატეგია-რესპუბლიკელების“ მცირერიცხოვან ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით ერთმანეთს უჭერენ მხარს. რომელიმე თუ წინააღმდეგი იქნება რომელიმე კომისიის შექმნის, ეს, რა თქმა უნდა, დააზარალებს სხვა კომისიის პროექტს.
კარგია, რომ ეს მკითხეთ. პირველად გაჟღერდება ჩემი პოზიცია ამ ინტერვიუში. გეუბნებით, რომ 3 ოპოზიციური ძალა უნდა შეთანხმდეს და ერთობლივი ვალდებულებები უნდა აიღოს სამივემ, რომ სამივე კომისიას დაუჭერენ მხარს. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, შეგროვდეს 50 ხმა. არიან სხვა ჯგუფები, რომლებსაც ვერ დავაძალებთ. მაგალითად, გახარიას ჯგუფი ზოგ კომისიას მხარს უჭერს, ზოგს – არა. რომელიმე სხვა ჯგუფიც ასეა. ეს მათი საკითხია და მათთანაც სამუშაოა, მაგრამ ინიციატორები – სამი პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან სრულად შეთანხმებული უნდა იყვნენ, რომ ერთმანეთის კომისიებს მხარს დაუჭერენ. თუ ასე იქნება, გროვდება 50 მანდატი და თუ 45 გარანტირებული მანდატია, საჭირო 50 ხმის მოგროვების ალბათობა სხვადასხვა კომისიის სხვადასხვა ხალხის მხარდაჭერით ძალიან მაღალია.

იაგო ნაცვლიშვილი