პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ბრალდების საქმეზე არსებული მტკიცებულებებით მოლოდინი არსებობს იმისა, რომ სასამართლო ჯიშკარიანის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
იაკობიძის თქმით, პროკურატურა დღეს სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, რომლის დროსაც ბრალდების მხარემ დეტალურად აღადგინა 2019 წლის 30 სექტემბრის სურათი.
“ბრალდების მხარემ ასევე, ისაუბრა ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა. დაზარალებულის ჩვენება, რომელიც მან 2019 წლის 30 სექტემბერს მისცა გამოძიებას საქმეზე მიღებულ ექსპერტიზის დასკვნებთან სრულ თანხვედრაშია. ეს არის სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზები და სწორედ ამ საკითხებზე მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სასამართლოს. იმ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, რომელიც საქმეში არსებობს, ბრალდების მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენია”, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.
იპნ