რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას – ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ

რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას - ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24-დან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მუქარა ახლა იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რა ქმედებასაც ახლა საღი აზრით მოითხოვს”. – თქვა სალივანმა პრესკონფერენციაზე.

მან პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან კვლავ შეინიშნება განგრძობადი ესკალაციის ნიშნები, რაც მათ შორის გამოიხატება საზღვრებთან ახალი ძალების მობილიზებით.

„როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შეჭრა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ წამს, როგორც კი ვლადიმირ პუტინი ბრძანებას გასცემს. კომენტარს არ გავაკეთებ ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ დეტალებზე, მაგრამ მინდა, რომ ცხადად ვთქვა, რომ შეჭრა შეიძლება, მოხდეს ოლიმპიადის დროს, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ეს შეიძლება, მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყოს”. – თქვა სალივანმა.

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა რამდენჯერმე უარყო ამერიკულ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეჭრის ბრძანება პუტინის მიერ უკვე გაცემულია და არმიისთვის გადაცემული.

ჯეიკ სალივანის თქმით, ორივე შემთხვევაში აშშ მზად არის პასუხისთვის რუსეთის მიერ ნებისმიერი გზის არჩევის შემთხვევაში, იქნება ეს დიპლომატიის შენარჩუნება, თუ უკრაინაში შეჭრა. მისივე ცნობით, პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საკვანძო მოკავშირეებს უსაფრთხო ვიდეო კონფერენციის ხაზით ესაუბრა.