შიმშილობის მეორე დღე – საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. განცხადება ცოტა ხნის წინ, მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეთა.
მისი თქმით, შიმშილობის გამოცხადების შენდეგ, პენიტენციური სამსახური ვალდებულია, რომ უკვე ამ რეჟიმში განაგრძოს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია.
ადვოკატი ამბობს, რომ ექიმს მოშიმშილე პატიმარი არ მოუნახულებია:
„კვლავ შეუძლებელია ექიმის მიერ საკანში მიხეილ სააკაშვილის მონახულება. ასევე საღამოს 6 საათის შემდეგ ციხეში არ არის მორიგე ექიმი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და შიმშილობის დაწყებამდეც არ იყო სახარბიელო მისი მდგომარეობა. ინფორმაციასაც კი არ გვაწვდიდნენ და ჩვენი ნდობით აღჭურვილ მედიკოსებს არ ეძლეოდათ მისი მონახულების შესაძლებლობა, შესაბამისად, შიმშილობის ყოველი დღე იქნება კიდევ უფრო რთული და მძიმე“, – განაცხადა ბასილაიამ.
დაცვის მხარე სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის ჩატარებას ითხოვს, რაც მისი თქმით, პენიტენციური სისტემის ფარგლებში წარმოდგენილია.
„პირველ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ, რომ მკურნალ ექიმს და კონსილიუმის წარმომადგენლებს მიეცეთ მისი მონახულების შესაძლებლობა და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, რაც იქნება ადეკვატურ მკურნალობად მიჩნეული, მოხდეს ამ ღონისძიებების განხორციელება’- დასძინა ადვოკატმა.
ამასთან ბასილაიამ უკრაინის ომბუდსმენს მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ლუდმილა დენისოვა მოწოდების სიმაღლეზეა:
უკრაინისთვის ურთულეს პერიოდშიც კი უკრაინის სახალხო დამცველი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ის დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რაც ეკუთვნის და უნდა გააკეთოს სახალხო დამცველმა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

