გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, გაზსადენის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია.
შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა გაზსადენი სერტიფიკაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
გასულ თვეებში საერთაშორისო საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი იყო თუ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების შემთხვევაში რა ბედი ელოდა ჩრდილოეთის ნაკად 2-ს.
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რუსეთს აფრთხილებდა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გაზსადენი არ ამუშავდებოდა. ამერიკული მხარე ამბობდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობასთან კონსულტაციას გადიოდნენ.
ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.
პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.
“ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს”. – ამობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2021 წლის მარტში.
2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის.