ამ უკიდურესი საჭიროების დროს უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა, სადაც მან უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“, – აღნიშნა შოლცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას.
„უკრაინაზე თავდასხმით პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის აღმოფხვრა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას“, – აღნიშნა შოლცმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ.
„ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, – აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს”, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.