ადვოკატი – “მარინა ოვსიანიკოვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს”

ადვოკატი - "მარინა ოვსიანიკოვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს"საგამოძიებო კომიტეტში ვიმყოფები, არსებობს ინფორმაცია, რომ მარინა რომელიღაც რაიონულ განყოფილებაში ჰყავთ, – ამის შესახებ რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი, დანიილ ბერმანი სოციალურ ქსელში წერს.

ადვოკატის თქმით, რუსეთში მოქმედებს სქემა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ადვოკატის გარეშე მიჰყავთ დაკითხვაზე და აშანტაჟებენ.

„მოვედი საგამოძიებო კომიტეტში. დიდად აქაც ვერაფერს გაარკვევ. არსებობს ინფორმაცია, რომ ის შეიძლება წაეყვანათ რომელიმე რაიონულ განყოფილებაში. გამოდის, რომ მარინა შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას – წადი და ეძებე.

ასეთი სქემაა – ადამიანი სადღაც მიჰყავთ, ადვოკატის გარეშე სკამზე სვამენ და ეუბნებიან – აღიარებ და ითანამშრომლებ – მიიღებ შინაპატიმრობას და პირობით სასჯელს. არ აღიარებ – აღმოჩნდები ციხეში და მიიღებ 15-წლიან სასჯელს.

ადამიანი, რომელსაც სამართლის დარგის ცოდნა და ადვოკატის გამოყენების პრაქტიკა არ აქვს, სავსებით შესაძლებელია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა და აღიარება აირჩიოს. ასეთ სიტუაციაში ვინმეს გამტყუნება შეიძლება? სასწორზე ხომ არა 15 დღე, არამედ 15 წელი დევს.

სხვათა შორის, „ნაცისტურ“ უკრაინაში, სწორედ იქ, სადაც „ბანდეროველები“ არიან, არის ასეთი „მკაცრად ფაშისტური“ რამ – სისხლის სამართლის საქმეთა საჯარო რეესტრი. თუ საქმე აღიძრა, ამის შესახებ ინფორმაცია რეესტრში იწერება და არ არის საჭირო მთელ ქალაქში ენაგადმოგდებულმა ირბინო და ეძებო, რომელ გამომძიებელს უნდა ჰქონდეს ორდერი. მის შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ღიაა.

ოვსიანიკოვას მაგალითზე აშკარად ჩანს რუსეთში ყველა სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურათა ხვრელი და არალეგალური ბუნება“, – წერს ბერმანი.

შეგახსენებთ, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის „პირველ არხის“ გადაცემა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით ხელში გამოჩნდა, რითაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებები და „პირველი არხის“ კრემლისტური პროპაგანდა გააკრიტიკა, რის გამოც ის ადგილზევე დააკავეს. ადვოკატს მასთან კავშირი ამ დრომდე ვერ დაუმყარებია.

იპნ