პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ იცის, რატომ ისაუბრა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციებისთვის არ მიღებასთან დაკავშირებით. როგორც მან France24-ს განუცხადა, თვითონ მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა.
სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა.
„პირველ რიგში, არ ვიცი, რატომ განაცხადა ეს. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რომ შეგვიძლია ისეთი ზომების მიღება, რომელსაც შესამჩნევი შედეგი ექნება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადების გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა. გულწრფელად, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ახლა მნიშვნელოვანია და რასაც საქართველოსგან ელოდებიან, ეს სოლიდარობაა და აქაც ამის დემონსტრირებისთვის ჩამოვედი”, – თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს, რასაც ხელისუფლება „ქვეყნის ინტერესების” საბაბით ხსნის. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურდათ.