ბადრაგის მიერ სააკაშვილის ადვოკატ თუთბერიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბადრაგის მიერ სააკაშვილის ადვოკატ თუთბერიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყოსპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადვოკატთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რუსთავის ციხის ბადრაგმა მიხეილ სააკაშვილს აგინა, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

იპნ