გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბერ-მონაზონის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს.
ანტონ მაისურაძეს იცავდნენ ადვოკატები: მარიამ ცონცაძე, გოჩა გოჩიტაშვილი და ნოდარ ცინცაძე. ბრალდებულს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონდა, რადგან ბრალდებული თავს იცავდა.
ბერი ანტონი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის 7 აგვისტოს დააკავეს.
პროკურატურის ვერსიით, 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლევან ნამგალაძეს შორის მოხდა კონფლიქტი, რომლის დროსაც ლევან ნამგალაძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებული იყო “აკ 74”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
2021 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი.
ქართლი

