„ჩვენი ჯგუფი აკონტროლებს ჩრდილოეთით ორკილომეტრიან პოზიციას. იმ ადგილას საარტილერიო დაბომბვის ცეცხლში მოვყევით 70 საათის განმავლობაში და 15 მეტრითაც ვერ გადმოიწიეს წინ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა უკრაინიდან გადაცემა „რეაქციაში“ ჩართვისას
„ჩემი თვალით ვხედავ 21-ე საუკუნის ფაშიზმს. ბალისტიკურ რაკეტებს ისრიან, ესვრიან ყველაფერს სახლებს, ეკლესიებს… ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც მთავარი პროპოგანდისტები არიან, რომ მძინარე ცხინვალს ესროლეს ქართველებმა… ამ ყველაფერს უკრაინელი ხალხის დემორალიზაციისთვის აკეთებენ, მაგრამ აქ ამით უფრო ირაზმებიან მათ წინააღმდეგ. პუტინს ჰქონდა მოლოდინი, რომ აქ ტაშიც შეხვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რას ვფიქრობთ ჩვენ, თავისუფლების მოყვარე ერები მათ სამეზობლოში, რას ფიქრობს თავისუფალი სამყარო…
უკრაინამ დასავლეთის განსაკუთრებული დახმარების გარეშე შეძლო და მოსპო მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ. თავიდან ბევრი სიარული მომიწია სხვადასხვა ადგილებში და ვხედავდი შუაღამისას -7-8 გრადუს ყინვაში 14-15 წლის ბიჭები როგორ პატრულირებდნენ, რომ ხიდები არ აეფეთქებინათ, პატარა გოგოები ბლოკპოსტებზე იდგნენ, აკონტროლებდნენ მოძრაობას, რომ ვინმე საშვის გარეშე არ გაპარულიყო… ძალა გვემატებოდა, როცა ბებიები ქუჩაში პირჯვარს გვწერდნენ, გვამხნევებდნენ…
ჩვენი ჯგუფი აკონტროლებს ჩრდილოეთით ორკილომეტრიან პოზიციას. იმ ადგილას საარტილერიო დაბომბვის ცეცხლში მოვყევით 70 საათის განმავლობაში და 15 მეტრითაც ვერ გადმოიწიეს წინ. არ დავანებეთ ტერიტორია. მერე მიატოვეს პოზიციები და გაიწიეს უკან…
თუ დაიწყო რიტორიკა, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, ეს ჩვენი ეკონომიკის კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს. თუ აღმოჩნდება საქართველო ანტირუსულ სანქციებს გვერდს უვლის ირიბად თუ პირდაპირ, არ ვიცი, სად უნდა გამოვყოთ თავი… ჩვენი მთავრობის ის თაფლობისთვე, რაც რუსეთთან აქვს, დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს არის ყველაზე უთავმოყვარეო პოზიცია, რაც დაიკავა უკრაინასთან დაკავშირებით…
ერთმა უკრაინელმა ჩინოსანმა მკითხა, შენი მოტივაცია რა არის აქ ჩამოსვლისო. ვუპასუხე, ოთხი შვილი მეზრდება. თუ ჩემს შვილებს გაუჩნდებათ სურვილი, ქვეყნიდან წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ, ჩავთვლი, რომ კარგად არ მიბრძოლია-მეთქი… ახლა გვეძლევა შანსი, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ და სამუდამოდ დაწყევლილები ვიქნებით შთამომავლების მიერ, თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ.“