„ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ვრცელდება, საქართველოში, ლაბორატორიაში იქნა გამოყვანილი”. – თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა.
კირილოვის თქმით, მაღალი ინფიცირების მაჩვენებლიანი ვირუსი საქართველოში აშშ-ს ხელმძღვანელობით შეიქმნა და მან არაერთი ქვეყნის ეკონომიკას მიაყენა დიდი ზიანი.
“ჩვენ გვჯერა, რომ 2007 წელს პენტაგონის მიერ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მაღალი ინფიცირების მაჩვენებლიანი ღორის გრიპის შტამი შეიქმნა. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უამრავ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასა და პოლონეთს და გამორიცხა ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორებისგან”. – თქვა რუსმა სამხედრომ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე
ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული ლაბორატორიების წინააღმდეგ პირველი გაჟღერებული ბრალდება არ არის.
რუსეთმა ჰიბრიდული, თუ სხვა სახის ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.
რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2020 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში “ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს”.
ტაბულა