ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი კონტაქტზე უარს არასდროს ამბობს, უბრალოდ გვსურს, რომ ეს არ იყოს კონტაქტი კონტაქტისთვის, არამედ იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული შეთანხმებები დაფიქსირდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხი კულებასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„კულებასთან დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემას შევეხეთ. მას შევახსენე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ შეხვედრის მომხრე, თუკი ამით პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. 2014 წლის ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინის ხელმძღვანელობა უპირატესობას ანიჭებს შეხვედრას შეხვედრისთვის. მათ ტელეკამერების წინ ურჩევნიათ კონკრეტული გადაწყვეტილებების სიმულაცია.
ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს. იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება დადგება, თუმცა ამისთვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული სამუშაოები ბელარუსში უნდა ჩატარდეს, სადაც 3 რაუნდი უკვე შედგა და ჩვენს კონკრეტულ შეთავაზებებს უკრაინული მხარე გაეცნო. ისინი დაგვპირდნენ, რომ კონკრეტულ პასუხს მივიღებთ, ველოდებით“, – განაცხადა ლავროვმა.
იპნ