გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა სიტყვა „გაუფრთხილებლობა“ გამოტოვეს და თქვეს, თითქოს უმრავლესობამ უკრაინის წარმომადგენელთან ერთად პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა გააპროტესტა.
„გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა. ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებმა ეს სიტყვა „გაუფრთხილებლობა“ გამოტოვეს და თქვეს, თითქოს ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ შემობრძანდით უკრაინის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ამას აკეთებენ ახლა, როცა ერთობისკენ მოგვიწოდებთ; ამას კადრულობენ ახლაც, როცა ჩვენ ვისმენთ სიტყვებს ამ დარბაზში: „უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ჩნდება ახალი შანსი“. ამ სიტყვებს ვისმენთ ჩვენი კოლეგებისგან და თუ ამას არ იკადრებენ, ჩვენ არავისთან საჩხუბარი არ გვაქვს.
ჩვენ ხანდახან იმიტომ ვართ იძულებულები და გვიწევს პასუხების გაცემა, რომ უკადრებლის კადრებას ვხედავთ მეორე მხრიდან, როდესაც საქართველომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე. სწორედ დღეს არის ბეწვის ხიდი, როცა საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას და ამავდროულად ქვეყანა და ხალხი დიდ კატასტროფას და უბედურებას – ომს უნდა ააშოროს. ამ ქვეყანამ ომი გამოცადა. ოკუპირებულ ქვეყანას ამუნათებენ სანქციებზე, რომელი სანქციებიც ამ ქვეყანას დააზიანებს უფრო და არა იმას, ვისაც შეიძლება სანქციები დავუწესოთ. ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც ამუნათებენ. ამასაც კადრულობენ, ოღონდ თავისი ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილონ. თეორიული შანსი აქვთ, იციან, არა პრაქტიკული, მაგრამ მაინც კადრულობენ. ეს არის სამწუხარო რეალობა და გვიჭირს იმ მოწოდების გაზიარება, რომ ერთიანები უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთიანები ვართ, ვიქნებით, მაგრამ მათი საქციელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რაც სიტყვებით ყველა ქართველისთვის შეიძლება მისაღები იყოს. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა! უკრაინას სჭირდება მშვიდობა, მათ ხალხს სჭირდება სოლიდარობა და ამ მშვიდობისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ იყონ მშვიდად და გვენდონ! მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს. მშვიდობა საქართველოს! მშვიდობა უკრაინას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!“ – განაცხადა მდინარაძემ.
იპნ