საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უღელტეხილის მონაკვეთზე სოფელ მარელისთან მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი დაზიანდა, რის გამოც სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა.
ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“,- ნათქვამია განცხადებაში.