აკო ჭელიძე – “ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა”

აკო ჭელიძე - "ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა"22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალდების მხარის მოწმედ სასამართლოში დაკითხვაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულის მიზეზი თავად ბრალდებულის და მისი ადვოკატის, ონისე მარგიანის პოზიცია გახდა, რომლის მიხედვითაც უფლებადამცველი ითხოვდა, ჭელიძეს ჩვენება თხრობით რეჟიმში მიეცა და მისთვის ბრალდების მხარეს კითხვები არ დაესვა.

ბრალდებულმა ჭელიძემ აღნიშნა, რომ მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს უკვე მიცემული აქვს ჩვენება და უკვე მოსმენილი ჩვენების შესახებ საუბარი არ სურს.

“ჩემი ნებაა თავისუფალ რეჟიმში მესაუბრა და პასუხი არ გამეცა იმ კითხვებზე, რაზეც უკვე პასუხი გაცემულია. თუ ასეა წესი, რომ პასუხი უნდა გავცე პროკურორის კითხვებს, მე უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე. ახალს ბატონ პროკურორს ვერაფერს ვეტყოდი, ბრალი რაზეც მაქვს წარდგენილი, აღიარებული მაქვს და არ მსურს თავიდან ამ თემების გავლა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნა”,- განაცხადა ჭელიძემ.

აღნიშნულს არ დაეთანხმა პროკურორი გია შაიშმელაშვილი.

“ბრალდებული დგება და აცხადებს, ბრალდების მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდების მხარეს არ ვუპასუხებ შეკითხვაზე და ჩვენებას მოგცემთ, თუ მათქმევინებთ იმას, რაც მე მინდაო. ეს ხომ აბსურდია, ამის საშუალებას არ მივცემ. თუ ის ჩვენებას აძლევს, კითხვებზე პასუხი უნდა გამცეს და არა, ისაუბროს ის რაც მას უნდა. თუ მომცემთ ჩვენებას, ისე მომცემთ, როგორც ეს კანონში წერია”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

აკო ჭელიძის განცხადებით, მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა.

ჭელიძემ სასამართლო პროცესზე, როგორც დაცვის მხარის მოწმემ მისცა ჩვენება. მან სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ არც ერთ კითხვას არ უპასუხა და ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რაც თავად სურდა.

„შეკვეთილ მკვლელობაზე საუბარი იყო, ეს ასე არ იყო და ეს აბსურდია. ვაღიარე ბრალი და არ მიცდია სასამართლოსთვის თვალებში ნაცრის შეყრა, არანაირი თანამზრახველი ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულში არ მყოლია. სასამართლომ მოისმინა მეორე ბრალდებულისგან რაც მოხდა, ამას ვადასტურებ”,- განაცხადა ბრალდებულმა.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ მის მიერ თანნაქონ იარაღთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა მასთან ერთად ბრალდებული გიორგი კავილაძე.

პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ბრალდებულს ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა მას იარაღი, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა განაცხადა, რომ “მას არ სურს პროკურორის შეკითხვებზე პასუხის გაცემა”.

“განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი სათქმელი ამოვწურე, არ მსურს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, რაზეც უკვე ისაუბრეს”, – განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულმა ჭელიძემ.

აღნიშნული პასუხის მოსმენის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღთან დაკავშირენით მას ბრალდებულებისგან პასუხი არ მოუსმენია.

“აღნიშნულ საკითხზე პასუხი ჩემთვის განაჩენის გამოტანისას მნიშვნელოვანია”,- განაცხადა მოსამართლე მგელიაშვილმა, თუმცა, ბრალდებულმა პოზიცია მაინც არ შეცვალა და აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა. ჭელიძემ რამდენჯერმე დააკონკრეტა, რომ ის პროკურატურის არც ერთ კითხვას პასუხს არ გასცემდა.

იპნ