არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორმა ნუკრი ბაქრაძემ მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დაცვის მხარემ და თავად ბრალდებულმა ნუკრი ბაქრაძემ სასამართლო პროცესზე დააფიქსირეს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განმარტა, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ის, თუ რა ჩაიდინა პატრულ-ინსპექტორმა.
„სურვილი გვაქვს, მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს, მისი ბრალი დამძიმებულია. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის კოდექსში ყველაზე მძიმე მუხლი რაც იპოვა, ბრალად წაუყენა. ჩვენ გვინდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ავირჩიოთ, დაე, საზოგადოებამ განსაჯოს რა ჩაიდინა მან და დაუმტკიცოს საზოგადოებას, თუ რა მოხდა, რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს”,- განაცხადა მეხრიშვილმა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, კახა ბაკაშვილს, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
საქმე კი არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ცნობისთვის, შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იპნ

