პროკურორი იაკობიძე – “მოწმემ თქვა, რომ ლაშქარავას სახეზე დაზიანება ჰქონდა”

პროკურორი იაკობიძე - "მოწმემ თქვა, რომ ლაშქარავას სახეზე დაზიანება ჰქონდა"დაკითხული მოწმის ჩვენებით, მას არ გაუგონია ხმები, რომელიც ბრალდების მხარემ ნივთიერი მტკიცებულებების დროს სასამართლო პროცესზე წარმოადგინა და რომელშიც აქციის მონაწილეების მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის ჟურნალისტების მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

23 მარტის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთია და „ სირცხვილიას” ოფისში სხვებთან ერთად იმყოფებოდა.

„აღნიშნული მოწმის ჩვენება ბრალდების მხარის მიერ შეფასდება დასკვნით სიტყვაში. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები არის ის, რომ “სირცხვილიას” შენობაში მოძალადეები შუშის ჩამტვრევით შევიდნენ. ეს მოწმეს არ დაუნახავს, ასევე არ გაუგონია ხმები, რომელიც ბრალდების მხარემ ნივთიერი მტკიცებულებების დროს სასამართლო პროცესზე წარმოადგინა და იქ ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ.

ამ დეტალებზე მოწმემ განაცხადა, რომ არ ესმოდა და მშვიდობიანი მსვლელობა, ხალხმრავლობა იყო და ესმოდა მხოლოდ გინება ჟურნალისტების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამ მოწმის სანდოობას და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში შეაფასებს, ვინაიდან აღნიშნული მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საპირისპირო ვიდეომტკიცებულებებია გამოკვლეული.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მოწმე, რომელიც დაიკითხა, ნამდვილად იყოფებოდა „სირცხვილიას” ოფისში, ეს მოწმე აქციის სხვა მონაწილეს, რომელმაც ჩაამსხვრია შესასვლელი შუშის კარები, ხელები ჰქონდა გაჭრილი და ხელის შეხვევაში ეხმარებოდა.

ეს კადრი ალექსანდრე ლაშქარავას დაფიქსირებული აქვს იმ 43 წამის მანძილზე, რისი გადაღებაც შეძლო, აღნიშნულის შემდეგ მისი კამერა დაამტვრიეს. მოწმემ სიტყვა შეხლა-შემოხლა ახსენა და თქვა, რომ ლაშქარავას სახეზე რაღაც დაზიანება ჰქონდა.

სინამდვილეში, ლექსო ლაშქარავას სახეზე რა დაზიანებაც ჰქონდა, კადრები არსებობს, ასევე არსებობს შემთხვევის ადგილისა და იმ კამერის კადრები, რომელიც ნაწილებად დაშალეს მოძალადეებმა”, – განაცხადა იაკობიძემ.

იპნ