პროკურორი ნიშნიანიძე – “ჟურნალისტებზე მოძალადეებზე ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა”

პროკურორი ნიშნიანიძე - "ჟურნალისტებზე მოძალადეებზე ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა"ჟურნალისტების მიმართ 5 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

დღევანდელ, 4 მარტის, სასამართლო პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ამასთან, ბრალდებულებმა დღევანდელ სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს და შესაძლოა, მათი ჩვენებები როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებები ისე გამოიკვლიონ.

“ნივთიერი მტკიცებულება, ზაზა ჭაავას მოპედი წარვადგინეთ, რომლითაც მან ძალადობრივი ქმედება განახორციელა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე, თამარ თათარაშვილზე და მას ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში. გარდა ამისა, ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი გამოვიკვლიეთ, რომელიც გამოთხოვილია კლასიკური გიმნაზიიდან, აღნიშნულ ჩანაწერებში დაფიქსირებულები არის ორი ბრალდებული.

ასევე გამოვიკვლიეთ “ფორმულადან” გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედება. აღნიშნულს ადასტურებს არა ბრალდებულების ვიზუალური აღწერილობა, არამედ მათი ტანსაცმელი. ერთ მომენტში ისინი ტანსაცმელს იცვლიან, რომ მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო”,- განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

იპნ