„პუტინის დასასრული არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლოესი გარემოცვიდან” – ახმედ ზაკაევი

„პუტინის დასასრული არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლოესი გარემოცვიდან" - ახმედ ზაკაევიჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ ზაკაევმა, რომელიც 2003 წლიდან დევნილის სტატუსით ბრიტანეთში იმყოფება, „ტვ პირველთან” უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინი იმეორებს უკრაინაში იმ მოვლენებს, რაც 30 წლის წინ ჩეჩნეთში გააკეთა.

„პუტინის დასასრული ეს არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლესი გარემოცვიდან, ან ის უნდა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე.

ის დღეს სჩადის დანაშაულს უკრაინელების წინაშე და ამ დანაშაულების ჩადენა დაიწყო პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

1999 წელს იმისთვის, რომ დაეწყო ომი ჩეჩნეთში, მან სახლები ააფეთქა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამის შესახებ უკვე იცის ყველა რუსმა.

ამ 22 წლის განმავლობაში რამდენი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა? ნორდოსტი, ბესლანი, ადამიანების მოწამვლა, ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას.

ის ტერაქტები, რომელიც მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ.

გაიხსენეთ ლიტვინენკოს მკვლელობა, სხვა პოლიტიკური მკვლელობები – ბორის ნემცოვი, ანა პოლიტკოვსკაია.

ეს ყველაფერი პუტინის კისერზეა.

ის უნდა იყოს ისე დახვრეტილი, როგორც ავი ძაღლი“, – განაცხადა ახმედ ზაკაევმა.

მისი თქმით, ზელენსკიმ პუტინთან არ უნდა გამართოს პირისპირ შეხვედრა.

„ზელენსკიმ არ უნდა გამართოს მოლაპარაკებები პუტინთან, ეს იქნება დიდი შეცდომა.

მე ვარ იმ ერის წარმომადგენელი, რომელიც პუტინმა გაანადგურა, 300 ათასი ჩეჩენი მოკლა, 40 ათასი აქედან იყო ბავშვი.

დღეს პუტინსაც და ლავროვსაც ესმის, რომ მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული და კარგად აცნობიერებენ, რომ სჭირდებათ მაღალი დონის კონტაქტი ზელენსკისთან და თუ ის ამ ნაბიჯზე წავა, ის აღიარებს პუტინს.

ყველა ჩეჩენი, რომელიც ბედის განგებამ და საკუთარი შვილების გადარჩენის სურვილმა ევროპაში აღმოაჩინა, აკვირდებიან უკრაინაში განვითარებულ პროცესებს და აქვთ დეჟავიუ, თითქოს ეს ყველაფერი ისევ ჩვენს თავს ხდება.

ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დაიწყო ჩეჩნეთში 28 წლის წინ.

დღეს ჩვენ ვუყურებთ, მთელი მსოფლიო როგორ დგას უკრაინის გვერდზე, დარდობს, ეხმარება.

ვფიქრობთ, რა სხვაობაა ამ ორ ომს შორის – როცა 30 წლის წინ კლავდნენ ჩეჩნებს, მთელი მსოფლიო უყურებდა, რომ ეს რუსეთის შიდა საქმე იყო.

დღეს რასაც უკრაინაში აკეთებს, განსჯიან ამის გამო. უკრაინას ეხმარებიან – ეს სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ თუ პუტინის ფაშისტურ რუსეთს მაშინ ვინმე გააჩერებდა, დღეს არ მოხდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში და რაც ხდებოდა მანამდე საქართველოში. არ იქნებოდა ის სირთულეები, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიოა.

მთელი მსოფლიო უყურებს პარანოიკს, რომელიც განვითარებულ სამყაროს აშანტაჟებს ბირთვული ღილაკით.

ჩეჩნები ახლა უკრაინელების მხარეს არიან და მხარს უჭერენ მათ ბრძოლას.

დღეს დასავლეთს შეუძლია ჩაკეტოს უკრაინის ცა და არ მისცეს უფლება პუტინს, დაბომბოს უკრაინელი ბავშვები, ქალები.

ეს უნდა გაჩერდეს ნებისმიერ ფასად.

ამის პოლიტიკური ფასი დასავლეთმა უნდა იცოდეს.

დასავლეთმა უნდა უთხრას პუტინს, რომ აღარ აძლევენ უფლებას, მოკლან ბავშვები, ქალები.

თუ ამას არ გააკეთებენ, იმ დახმარების მიუხედავად, რომელსაც აძლევენ უკრაინას, მაინც მათ სინდისზე იქნება უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი.

პუტინი კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, არ უნდა გადადონ ამის განხილვა ხვალისთვის, ან ზეგისთვის.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ამ წუთს, როცა მე და თქვენ ვსაუბრობთ, ამ დროს უკრაინაში ამ სანქციების მიუხედავად, კლავენ ქალებს და ბავშვებს“, – განაცხადა ზაკაევმა.