პუტინმა ფსბ-ს გენერალი ბესედა შინაპატიმრობაში აიყვანა

პუტინმა ფსბ-ს გენერალი ბესედა შინაპატიმრობაში აიყვანადამოუკიდებელი რუსული გამოცემა მედუზა წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ჟურნალისტები ანდრეი სოლდატოვი და ირინა ბოროგანი ამბობენ, რომ დარტყმის ქვეშ მოყვა ფსბ-ს მე-5 განყოფილება, რომელიც დაზვერვაზე მუშაობს. წყაროების თანახმად, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

მე-5 განყოფილება, რომელსაც ოფიციალურად ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახური ჰქვია, ფსბ-ში უცხოელ პარტნიორებთან კავშირს კურირებს, მათ შორის ამერიკულ უწყებებთან. განყოფილების შიგნით მოქმედებს ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც უცხოური დაზვერვის ფუნქციას ასრულებს.

საზღვარგარეთ ოპერაციების ჩატარების უფლება ფსბ-მ 1990-იანი წლების ბოლოს მიიღო, როცა დირექტორი ვლადიმირ პუტინი იყო.

როგორც გამოცემა წერს, სწორედ მე-5 განყოფილება იყო პასუხისმგებელი, რომ უკრაინაში შეჭრამდე პუტინისთვის პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაცია მიეწოდებინა.

“როგორც ჩანს, ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ პუტინი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ის უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს, ლიდერის გაბრაზების შიშით, უბრალოდ ამარაგებდნენ იმ ინფორმაციით, რომლის მოსმენაც თვითონ უნდოდა”, – წერს მედუზა.

წყაროების ინფორმაციით, მე-5 განყოფილების ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე შინაპატიმრობაში მოათავსეს. მიზეზებს შორის დასახელებულია ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება და ცუდი სადაზვერვო ინფორმაცია.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ბესედა მაიდნის მოვლენების დროს 2014 წლის 20-21 თებერვალს კიევში იმყოფებოდა. რაც შემდგომში რუსეთმაც დაადასტურა. თუმცა მოსკოვში ამბობენ, რომ ბესედა რუსეთის საელჩოს უსაფრთხოების შესამოწმებლად ჩავიდა, თუმცა კიევში ამ ინფორმაციის არ სჯერათ.

2014 წლიდან ფსბ-ს მაღალჩინოსანი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია.

ფორმულა