უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა დიდ კოლაფსში აღმოჩნდა. გლობალურმა სანქციებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა, როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე პუტინის ელიტას და ოლიგარქებს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გააორმაგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხებზე 20% განაკვეთი დაწესდა. რეკორდულად უფასურდება რუბლი. რუსეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 23%-ით დაეცა. ცხადია ეს გავლენას ახდენს რუსეთის მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. არაერთ ქალაქში ბანკომატებთან მოქალაქეების გრძელი რიგი დგას, რომლებიც ცდილობენ დასავლეთის მიერ სანქცირბეულ ბანკებში შეტანილი ფული უკან გამოიტანონ.
მძიმე დღეები უდგათ რუს მილიარდერებსაც, რომლებმაც „ბლუმბერგის“ ბოლო მონაცემებით, უკვე 83 მილიარდი დოლარი დაკარგეს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე შესული რუსული კომპანიების აქციები (დაწყებული გაზის მწარმოებელი Novatek-დან და დამთავრებული ფოლადის მწარმოებელ Severstal-ით) 50%-ზე მეტით დაეცა ორშაბათს მას შემდეგ, რაც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები გააძლიერეს.
შეუძლებელი გახდა რუსული თვითმფრინავების გადაადგილება ევროპის ცაზე, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ქმნის მიწოდების კრიზისს. ამის გამო, რამდენიმე კომპანიამ, რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობა უკვე შეაჩერა. ორშაბათს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები რუსეთის რამდენიმე ოლიგარქზე, მათ შორის შავ სიაში მოხვდნენ: ლითონის მაგნატი ალიშერ უსმანოვი, „ალფა ჯგუფის“ მფლობელები მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი, ფოლადის მაგნატი ალექსეი მორდაშოვი და სხვ. სანქციები ასევე შეეხო პუტინის პირად სპიკერს დიმიტრი პესკოვს, სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებს და სამხედრო მაღალჩინოსნებს. პუტინთან დაახლოევულ ოლიგარქებს მოგზაურობა აუკრძალა შვეიცარიამაც, რომელმაც ასევე დაკეტა საჰაერო სივრცე ყველა რუსული თვითმფრინავისთვის.
დააწესა მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის ლიდერთან დაახლოებულ ხუთ ოლიგარქზე და განაცხადა, რომ დაკეტავს თავის საჰაერო სივრცეს რუსეთიდან ყველა ფრენისთვის, მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის.
უპრეცედენტო სანქციების გამო Lukoil-ის შეფის, ვაგიტ ალეკპეროვის ქონება დაახლოებით $13 მილიარდით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა რუს მილიარდერებს შორის.
გენადი ტიმჩენკომ, ერთ-ერთმა პირველმა ოლიგარქმა, რომელსაც სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა, წელს დაკარგა თავისი ქონების თითქმის ნახევარი და მისი ქონება 10,6 მილიარდი დოლარით შემცირდა. Novatek-ის თანამფლობელის ლეონიდ მიხელსონმა ქონება კი $10,2 მილიარდით.
რუსულ ეკონომიკაში შექმნილი უმძიმესი კრიზისი აისახა მილიარდერ რომან აბრამოვიჩზეც, რომელიც ფლობს აქტივებს ფოლადის მწარმოებელ Evraz Plc-სა და ჩელსის საფეხბურთო კლუბში. აბრამოვიჩმა შაბათს „ჩელსის“ კონტროლი გადასცა პრემიერ ლიგის საქველმოქმედო ფონდს.
შექმნილი ეკონომიკური კოლაფსის და კიდევ უფრო მზარდი კრიზისის ფონზე, არაერთი რუსი ოლიგარქი ვლადიმერ პუტინს უკვე ღიად მოუწოდებს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე.
პრაიმ ტაიმი