უკრაინელ ბავშვებს ბათუმის სკოლები ვერ იღებენ 

უკრაინელ ბავშვებს ბათუმის სკოლები ვერ იღებენ ნატალია ოლეინიკი ლტოლვილია უკრაინიდან. ის ბათუმში მეექვსეკლასელ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ოც დღეზე მეტია უკრაინაში ომია. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ კიდევ 1 თვე უკრაინაში სასწავლო პროცესი სკოლებში ვერ აღდგება სრულფასოვნად.

ნატალიამ გადაწყვიტა მეექვსეკლასელი შვილისთვის ბათუმში სკოლა მოეძებნა. რუსული სექტორი ბათუმის ორ სკოლაშია – მესამე და მეშვიდე საჯარო სკოლებში. ორივეგან სკოლის დირექტორებმა ნატალიას უთხრეს, რომ ბავშვს ვერ მიიღებენ, რადგან კლასები სავსეა, ყველა კლასში 29 მოსწავლეა, სკოლებს კი დამატებით მოსწავლის მიღების უფლება არ აქვთ.

ინფორმაციას სკოლის დირექტორები „ბათუმელებთან“ ადასტურებენ.

№7 საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა ქონიაძე გვეუბნება, რომ მას დაახლოებით თორმეტამდე უკრაინელმა ლტოლვილმა მიმართა ბავშვების სკოლაში ჩასარიცხად.

„ვერ მივიღეთ ეს ბავშვები სკოლაში, ადგილები ფიზიკურად არ გვაქვს კლასებში. ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს: თუ რომელიმე ჩვენი მოსწავლე გადავა სკოლიდან და ადგილი გამოთავისუფლდება, სანაცვლოდ მივიღებთ უკრაინელ ბავშვებს. აი, ახლა მაგალითად, ერთი პირველკლასელი გადავიდა სხვაგან და დავურეკეთ მაშინვე პირველკლასელი უკრაინელი ბავშვის მშობელს, ამზადებს საბუთებს და ჩვენთან ისწავლის“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ბათუმის №3 სკოლის დირექტორი, იანა ჩადუნელიც გვეუბნება, რომ უკრაინელი ლტოლვილები მის სკოლასაც მიმართავენ ბავშვების სკოლაში ჩარიცხვის სურვილით.

„ძირითადად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მისაღებად მომმართავენ უკრაინელები, ამ კლასებში ნამდვილად არ მაქვს ადგილი, არ მაქვს უფლება 29 ბავშვზე მეტი დავსვა კლასში. თუ რამე სხვას მოიფიქრებს სამინისტრო უკრაინელი ხალხისთვის, ნამდვილად კარგი იქნება და მერე მივიღებთ ჩვენც ალბათ ამ ბავშვებს, აბა რას ვიზამთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. თუმცა რას გულისხმობს გამარტივებული წესით ჩარიცხვა, ასევე, რა ხდება ზემოთმოყვანილი მაგალითების შემთხვევაში, როცა კლასებში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობაა და სკოლებს იქ სხვა მოსწავლეების დამატების უფლება არ აქვთ – ამ კითხვებზე საქართველოს  განათლების სამინისტროში დაზუსტებით ვერ გვიპასუხეს.

საქართველოს განათლების სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს სასურველ სკოლაში ჩასარიცხად პრობლემა არ შეექმნებათ“.

თუმცა ბათუმში მყოფ ნატალია ოლეინიკს და მის მეექვსეკლასელ შვილს პრობლემა უკვე აქვთ.

ნატალიამ დღეს, 17 მარტს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მან განათლების სამინისტროს ამ ახალი განცხადების შემდეგაც მიმართა ბათუმის მეშვიდე და მესამე სკოლებს, რის შემდეგაც მათგან იგივე პასუხი მიიღო, რომ სკოლებში ადგილი არ არის და განათლების სამინისტროს ახალი განცხადება ამ მდგომარეობას ვერ ცვლის.

ბათუმელები