ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია – ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
კითხვაზე, რა ზიანი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, ეს სიტუაციაზე, მათ შორის ქარის მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული.
„ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ჩათვალეთ, ევროპაში მაინც ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ დავუშვათ, ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ბლოკზე მაინც მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეს არის 10-15-ჯერ მეტი პრობლემა, რაც იაპონიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატომური ბომბის ჩამოგდება. ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. რაც შეეხება სიტუაციას ჩვენთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ქარის მიმართულება, ასევე ღრუბლების გადაადგილება“,- განაცხადა გია არაბიძემ.
მისი თქმით, მართალია ხანძრის შედეგად ზაპოროჟიეს სადგურის ჰერმეტულობა არ დარღვეულა, მაგრამ ფაქტი, რომ რუსმა სამხედროებმა ატომური სადგურის მიმართულებით გაისროლეს, აღმაშფოთებელია.
„ნებისმიერი ინციდენტი ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფულად საშიშია, მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ელექტროსადგურებს დაცვის უამრავი მექანიზმი აქვს. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ხანძარი ჩააქრეს. ამ ხანძრის შედეგად სადგურის ჰერმეტულობა არ დარღვეულა, მაგრამ არავინაა დაზღვეული იმისაგან, ხვალ რა მოხდება. ფაქტი, რომ სამხედროებმა ატომური სადგურის მიმართულებით გაისროლეს, აღმაშფოთებელი და გასაოცარია, – განაცხადა გია არაბიძემ.
იპნ