უბედური შემთხვევა კახეთში – 3 წლის ბავშვმა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში მოხდა.
მცირეწლოვანმა ბიჭმა, რომელიც 6 წლის დასთან ერთად თამაშობდა, ფსიქოტროპული პრეპარატი თამაშის დროს მიიღო. ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ მცირეწლოვანი და- ძმა, სოფელ ახშანში ბებიასთან იზრდებოდა, რადგან ბავშვების დედ-მამას მშობლის უფლება შეზღუდული აქვთ.
“მშობლები ალკოჰოლს იღებდნენ, მუდმივად ღრეობა იყო. თან უკიდურესად ცუდი პირობები ჰქონდათ სახლში. მეზობლებმა მიმართეს სოციალურ სამსახურს და ბავშვები, ორი წლის წინ, ბებიას გადასცეს. ძალიან კარგი ქალია, მოწესრიგებული, დედის დედაა. საწყალი მოვიდა და მეზობლებმა ბავშვის დატირების საშუალება არ მისცეს, ეს რა ველურობაა, იმ ქალს თავისი დარდი ეყოფა. იქნებ ვერც გაუძლოს ამ უბედურებას იმიტომ კი არ მოხდა, რომ უყურადღებოდ ჰყავდა, ან წამლები ჰქონდა უდიერად შენახული. ბავშვები არიან, არავინაა დაზღვეული. მძიმე ამბავია, ძალიან დათრგუნულები ვართ,”-ამბობს ახლობელი.
გარდაცვლილი მშობლების ოჯახში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიპირშია გადასვენებული, სადაც საცხოვრებელ სახლს, რამდენიმე დღის წინ ქარმა სახურავი გადახადა და ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.
ბიჭის მცირეწლოვან დასთან და ბებიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
პრაიმ ტაიმი