ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით სამი ადამიანი დაავადდა. პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
SKnews-ი ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმ–კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, დაავადებულია ორი შუახნის ქალი. ერთი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ყირიმ–კოგოს მესამე შემთხვევა დაბა ასპინძაში გამოვლინდა, დაავადებულია 30 წლამდე მამაკაცი.
ყირიმ–კონგოს შემთხვევები მუნიციპალიტეტში გასულ კვირას დაფიქსირდა. ამჟამად პაციენტებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებსაც აკვირდებიან. დაავადების გადადების საფრთხე სიმპტომების გამოვლენიდან 12–14 დღეა.
ცოტა რამ დაავადების შესახებ:
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში.
გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.
დაავადების გამომწვევი გარეული ძუძუმწოვრებისგან ტკიპის მეშვეობით შინაურ ცხოველებს გადაედება, მათგან კი – ისევ ტკიპის საშუალებით – შესაძლოა ადამიანი დასნებოვნდეს. ამდენად, ადამიანისთვის ძირითად საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. მსოფლიო სტატისტიკით დაავადებულთა 15%-ის (ხშირად გაცილებით მაღალი – 30-40%) გადარჩენა ვერ ხერხდება,
ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა დაავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის კბენაა. დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად სოფლად მცხოვრები ზრდასრული პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან. დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების შორს წასულ შემთხვევებში.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სიმპტომები:
დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას – 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი – 13-14 დღე. ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ჩაწითლებული თვალები.
მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!