დღეს მარადიული ქალაქი იუბილარია, მას 2775 წელი შეუსრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ რომი გაცილებით ადრე უკვე დასახლებული ტერიტორია იყო, ლეგენდის თანახმად მისი დაარსება ტყუპ ძმებს – რომულუსსა და რემუსს უკავშირდება 753 წელს ჩვ.წ.აღ-მდე, რომლებიც მგელმა გაზარდა.
უფრო სწორად რომულუსს, რომელმაც ძმა მოკლა და სათავე დაუდო ქალაქ რომის დაარსებას.იგი იყო რომის პირველი მეფეც.
თუმცა ბოლომდე გაურკვეველია ქალაქის სახელის ისტორია: ზოგი ვარაუდობს რომ რომულუსიდან მომდინარეობს სახელი რომი, ზოგი ბერძნულ, ეტრუსკულ ფესვებს ხედავს სახელში და პირიქით ფიქრობს რომ რომიდან მომდინარეობს სახელი რომულუსი…
საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში ბევრი დიდება და დაცემა უნახავს მარადიულ ქალაქს.
მის დაქვემდებარებაში ყოფილა ტერიტორიები ატლანტის ოკეანიდან – ევფრატამდე; ბრიტანეთიდან – ეგვიპტემდე. ბევრჯერ აუოხრებიათ და გადაუწვავთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ფერფლიდან აღმსდგარა ძველებური დიდებით. რომი ითვლება იტალიური რენესანსის და ბაროკოს მთავარ ცენტრად. საუკუნეების განმავლობაში ცნობილმა არქიტექტორებმა და მხატვრებმა ქალაქი შედევრებით და უნიკალური ნამუშევრებით შემოსეს.
რომის ისტორიული ცენტრი, ვატიკანი და კოლიზეუმი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მონახულებად ადგილებს შორისაა.
დღესდღეობით რომის მოსახლეობა 2 789 800 მცხოვრებია და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქად ითვლება.
ექსკლუზივ ტვ.