მარიუპოლის მცხოვრებმა უკრაინელმა დმიტრი იურინმა ოკუპანტების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქი ზღვაში რამდენიმესაათიანი ცურვის შედეგად დატოვა. იურინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის დაბომბვის შემდეგ მიიღო.
“საშინელება იყო, უზარმაზარი აფეთქება მოხდა. გავიგონე ტირილის და ყვირილის ხმები. დავინახე ცხედრები, სხეულის ნაწილები. ერთი ქალი გამოვიყვანე, შემდეგ – გოგო, შემდეგ- ბიჭი. ყველა დაშავებული იყო. ბიჭი ფეხებს ვერ ამოძრავებდა, ყვიროდა. მე ხელები მიკანკალებდა. სისხლში ვიყავი ამოსვრილი.
ჩემთან ახლოს, მიწაზე ქალი იწვა, არ მოძრაობდა. ოჯახის წევრები სასოწარკვეთით ცდილობდნენ მის გადარჩენას, მკერდზე აწვებოდნენ. მის უკან დაბრუნებას ცდილობდნენ. მასთან ახლოს ბავშვი იყო, რომელიც ამბობდა: “დედა, არ დაიძინოო!” ქალი უკვე მკვდარი იყო”, – იხსენებს დმიტრი.
დმიტრი მეთევზეა, რომელსაც აზოვის ზღვაზე მრავალი საათი აქვს გატარებული. მან მოძებნა თავისი სათევზაო კომბინეზონი, ასევე, ბაწარი და 5-ლიტრიანი ბოთლი, რომელსაც უსაფრთხოების ჟილეტის მაგივრად გამოიყენებდა.
მან თავშესაფრად ქცეული გარაჟი მოსაღამოებისას დატოვა, ქალაქში დანგრეულ შენობებს ჩაუარა, ქუჩები კი თითქმის ცარიელი იყო.
ნაპირთან, წყალში, 15 მეტრი გაიარა, შემდეგ კი დასავლეთისკენ გაცურა. წყალში საშინლად ციოდა: “კბილები მიცახცახებდა. ერთ-ერთი ბოთლის უკან დავიმალე, არავის რომ არ დავენახე”.
ამ მდგომარეობაში დმიტრიმ ორსაათნახევარი იცურა. ცივ წყალში 4 კილომეტრის გაცურვის შემდეგ კი უკან მოიტოვა რუსეთის ჯარის პოზიციები და ნაპირზეც ამოვიდა. ხმელეთზე მოხუც წყვილს შეხვდა, რომლებმაც სახლში წაიყვანეს და არყით და ბორშჩით გაუმასპინძლდნენ.
ნეტგაზეტი