უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება.
„ამბობდა, იქ ბავშვები იხოცებიან და მე აქ როგორ უნდა ვიჯდეო“ – უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის შვილი
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, სოც. ქსელში 9 აპრილს დაწერა, რომ კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა.
იმ 12-წევრიანი დანაყოფის მეთაურმა, გოჩა ხორავამ, სადაც დაღუპულები მსახურობდნენ, 10 აპრილს ქართველ მებრძოლებზე, დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.
კერძოდ, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში დაადასტურა დაღუპულთა ვინაობა: დავით მენაბდიშილი და ნიკა შანავა.
გოჩა ხორავა ამბობს, რომ როდესაც დანაყოფი 18-საათიანი წარმატებული სპეცოპერაციიდან ბრუნდებოდა, „ოკუპანტებმა ხარკოვთან უთანასწორო თავდასხმა განახორციელეს“.
გოჩა ხორავას თქმით, დაჭრილია ხუთი ქართველი მებრძოლი, ხოლო მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“.
„კონტაქტურზე მოვხვდით და წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწიეს, გამოიძახეს არტილერია და არტილერიამ დაგვბომბა. ერთ კაცზე მოდიოდა 20 ჭურვი“, – განაცხადა მან.
„7 კაცი კანტუზიანი გვაქვს. ბიჭები ახლა გადაგვყავს უსაფრთხო ჰოსპიტალში. 2 დაღუპული გვყავს ჩემი მაგარი მებრძოლები, გმირები, გმირულად დაეცნენ ჩვენი ბიჭები.
მე ვთხოვ მთელ საქართველოს, ჩვენს ბიჭებს დახვდნენ როგორც საჭიროა ისე, გმირებს“, – ამბობს ხორავა.