“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრისა საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთს გიორგი ქველიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურორი გია შაიშმელაშვილი დაკავებული პირის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. გიორგი ქველიაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი კი დაკავებულის მიმართ 5.000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
გიორგი ქველიაშვილს 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ 2 ადამიანი მოკლეს, რამდენიმე კი დაჭრეს. მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს.
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.

