„მარიუპოლში მყოფი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან“ – ზელენსკი

„მარიუპოლში მყოფი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან“ - ზელენსკიალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა: „ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გაუშვან ყველა სამხედრო, თუ ისინი ჩაბარდებიან. მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და ამიტომ არის რთული და ტრაგიკული სიტუაცია, რადგან სამხედროებს არ სურთ დანებება“.

ზელენსკის  თქმით, არ სჯერა რუსეთის, რომ ისინი ადამიანებს მარიუპოლიდან უვნებლად წასვლის საშუალებას მისცემენ.

„რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ, ამიტომ ახლა რუსეთს არავინ ენდობა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილების გაყვანა სურდა, მაგრამ რუსულმა ძალებმა ამის საშუალება არ მისცეს.

„ჩვენ გვინდოდა დაჭრილების წაყვანა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს ჰუმანიტარული მისიაა : დაგვიბრუნეთ დაჭრილები. ისიც კი დავგეგმეთ, რომ თურქეთი შუამავალი ყოფილიყო და დაჭრილები, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები მიგვეღო. ისინი არ უშვებენ მათ, რადგან გვესმის, რომ რუსეთს მხოლოდ მათი დახვრეტა სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.