„მტერია, მაგრამ ძნელია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა“ – ვაჟა ცეცაძე

„მტერია, მაგრამ ძნელია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა“ - ვაჟა ცეცაძე„მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. მათი ტყვია ჯერ არ მომხვედრია, მაგრამ გავრილოვის გამო ზურგში ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა. განა ჭრილობა მეტკინა, გული მეტკინა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში, ქალაქ ირპენში მებრძოლი ქართველი, ვაჟა ცეცაძე.

– ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება?
– 2002 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურე. ვიბრძოდი ავღანეთშიც. ვარ აგვისტოს ომის მონაწილე. სამხედრო კათედრაზე ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში და სადაზვერვო ქვედანაყოფის მეთაური და ოცეულის მეთაური ვიყავი. ქართული არმიის განვითარებაში მეც მიმიძღვის წვლილი, ამიტომ ასეთი გამოცდილების ადამიანი თბილისში, თბილ სავარძელში ვერ ვიჯდებოდი და იქიდან ვერ ვუყურებდი უკრაინაში ომს.

ამის უფლებას სინდისი არ მომცემდა. რუსებთან ომში ბევრი მეგობარი მყავს დაკარგული, ბევრჯერ მქონია მათთან დაპირისპირება, რუსული ჭურვების ნამსხვრევებიც ბევრჯერ ამომიღია სხეულიდან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა საქართველოზეც გადის და უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, რადგან ჩვენ საერთო მტერი გვყავს – რუსეთი.

ყველანაირად შეგვიშალეს ხელი, რომ აქ ვერ ჩამოვსულიყავით, როგორც „ჯარისკაცის მამა“ ამბობს, „პატომ ს ლოშადიუ იეხალ-იეხალ, პატომ ს მაშინოი იეხალ…“ 5-ჯერ ვიფრინეთ და ასე ჩამოვედით უკრაინამდე.

ქართველების რამდენი დაჯგუფებაა ამჟამად უკრაინაში?
ძირითადი ბირთვი არის ვანო ნადირაძე, „ქართული ლეგიონი“ და ჩვენ – დათო, ნადიმი და მეც საერთაშორისო ლეგიონში ვართ. [ალეკო] ელისაშვილი და [ირაკლი] ოქრუაშვილიც ინტერნაციონალურ ლეგიონში არიან, მაგრამ სხვადასხვა დანაყოფში.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული დღე რომელი იყო ამ ბრძოლაში, ან ყველაზე წარმატებული?
– ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, ის დღე იყო, როცა ჩვენი მებრძოლები – დათო რატიანი და გია ბერიაშვილი დაგვეღუპა. მაგ დღეს, როცა ჩვენი „ბერო“ გამოგვყავდა, კამიკაძე დრონი ამიფეთქდა თავზე, დავშავდი, მაგრამ გადავრჩი.

მაგასაც „ბეროს“ ვუმადლი – არ მიყვარს ხოლმე ჩაფხუტის და ჯავშანჟილეტის ჩაცმა. იმ დღეს დამაფიცა, ოპერაციის დასრულებამდე არ მოიხდიო. მართლა გადამარჩინა. მძიმე კონტუზია მქონდა, სამი დღე საავადმყოფოში ვიყავი, მეტი ვერ გამაჩერეს, რადგან ჩემს ძმებს მარტო ვერ დავტოვებდი. ექიმს მოვატყუე კარგად ვარ-მეთქი, ქართველი ხარ და აბა რას იტყვიო, – მითხრა ექიმმა და გამომწერა.

აქ მყოფ მებრძოლებს მოხალისეებს გვეძახიან და ეს „მოხალისე“ ქართულად არც ისე კარგად ჟღერს, რადგან ბრძოლა ნამდვილად არავის არ ეხალისება. ეს არის საქმე, საქმე საქართველოსთვის და საქმე ცივილიზებული სამყაროს გადარჩენისთვის.

ამ დღეებში მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, ირპენი სრულად გავათავისუფლეთ რუსებისგან და ახლა ჩვენი დანაყოფები გადასულია ბუჩას მიმართულებით, საიდანაც ძალიან მძიმე საარტილერიო დარტყმებს ვიღებდით. იმედია, ხვალ თუ არა ზეგ, ბუჩასაც გავათავისუფლებთ.

– ახლა რა ვითარებაა ბუჩაში?
– აქ ავიაცია არ მუშაობს, მუშაობს არტილერია. ავიაცია მხოლოდ თავდაცვაზეა. მუშაობს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი არტილერია და ქვეითი ჯარი შედის წმენდაზე. არის დიდი დანაკარგიც რუსების მხრიდან, ტყვეებად აგვყავს და ასე შემდეგ.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ტყვეების დიდი ნაწილი ახალწვეულია. რას ამბობენ ტყვეები?
სტანდარტული პასუხები აქვთ – „ჩვენ ვიყავით სწავლებაზე, არ ვიცოდით, სად მოვდიოდით“… თურმე კიევი და მისი შემოგარენი ყოფილა საწვრთნელი ადგილი. შემდეგ ამატებენ, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ, რომ დაისჯებიან და სამხედრო ტრიბუნალზე გაასამართლებენ.

სამწუხაროდ, ბევრ გვამთან მქონდა შეხება: 18-20 წლის ბიჭების ცხედრებიც შემხვედრია. რაც არ უნდა 18-20 წლის ბიჭების ცხედრებიც შემხვედრია. რაც არ უნდა მტერი იყოს, ძალიან რთულია და ძნელია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა. მაგრამ რას ვიზამთ, ომი ასეთია, თუ არ დაასწარი, ის გესვრის და მოგკლავს.

აქ კარგად იყენებენ დრონებს, 2008-ში არ გამოიყენებოდა, არ იყო ასეთი პოპულარული. იმ დღეს, როცა ჩვენი დაჭრილი ბიჭები გამოგვყავდა, უპილოტო დრონმა დაგვაფიქსირა. საკაცეზე ხელიც კი არ მქონდა მოკიდებული, რომ საარტილერიო წვიმა დაგვიშვეს.