პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ფსიქოლოგებთან, აღმზრდელებსა და მეთოდისტებთან ერთად მუშაობს იმის დასადგენად, რა ასაკშია ბავშვის სკოლაში გაშვება მართლებული და სწორი.
როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანია, დადგინდეს არგუმენტი, თუ რას ეფუძნება კანონში ჩანაწერი, რომ ბავშვი 1-ელ კლასში მისვლისას, სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) 6 წლის უნდა იყოს.
„ეს საკითხი შესწავლის პროცესშია, რადგან მშობლების, ჩვენი დეპუტატებისა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.ზოგს ასე უნდა, ზოგს უნდა, რომ დავწიოთ ასაკი. ვმუშაობთ ძალიან აქტიურ რეჟიმში. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ახლო მომავალში, 2-3 კვირაში რაღაც პოზიციაზე გავალთ, რა შეგვიძლია ან არ შეგვიძლია ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენ კონსულტაციების ფარგლებში ვმუშაობთ და ვუსმენთ ფსიქოლოგებს, აღმზრდელებს მეთოდისტებს, თუ რას ეფუძნება კანონში ჩანაწერი, რომ ბავშვი 1-ელ კლასში მისვლისას, სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) უნდა იყოს 6 წლის. რამდენად შეიძლება ბიოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე ეს ასაკი ან გადავწიოთ ან გადმოვწიოთ. ამასთან, ვმუშაობთ სამინისტროსთან სკოლებში ადგილების რაოდენობაზეც. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ სწორი ასაკი დადგინდეს. ეს თუ შეიცვლება, არ იყოს სამინისტროს ადმინისტრირების კუთხით პრობლემა, ის მზად იყოს ამ პროცესისთვის. ფსიქოლოგები და ეს ჯგუფი თუ გვეტყვის, რომ ამ ასაკის გადაწევა შეიძლება, მერე უკვე მსჯელობა წავა, რა უნდა იყოს ეს ასაკი. 15 სექტემბრის ნაცვლად, ვთქვათ, რამდენი ხნით შეიძლება ამის გადაწევა. ჯერჯერობით, თარიღამდე არ მივსულვართ. განათლების კომიტეტი ამ საკითხს სწავლობს და მუშაობს“,- განაცხადა ამილახვარმა.