ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმადაც მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ნადირობა, ბულინგი და დამცირება, ამერიკის ელჩის ამგვარი განცხადება შესაძლოა აღმოჩნდეს მედიაზე ძალადობის და მასზე ზეწოლის ახალი და კიდევ უფრო ძლიერი ტალღის ტრიგერი, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ელჩის განცხადება „ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების სტანდარტებს“.
„როგორც რადიო თავისუფლება გვამცნობს, აშშ ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა შემდეგი:
“ძალიან დადებითი მომენტია, რომ დელეგაცია მიდის და რომ ეს მრავალპარტიული დელეგაციაა. როგორც ვიცი, [საქართველოს პარლამენტის] სპიკერ [შალვა] პაპუაშვილს ძალიან დადებითი [ვიდეო] ზარი ჰქონდა რადას სპიკერთან, ვფიქრობ, იმ გაუგებრობის, რომელიც ზოგჯერ ხდება, მედიის გამო, პირისპირ საუბრის უქონლობის გამო, გადაჭრის საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი“.
ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმადაც მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ნადირობა, ბულინგი და დამცირება, ამერიკის ელჩის ამგვარი განცხადება შესაძლოა აღმოჩნდეს მედიაზე ძალადობის და მასზე ზეწოლის ახალი და კიდევ უფრო ძლიერი ტალღის ტრიგერი.
ჩვენ უნდა აგვიხსნან ამ განცხადების არსი:
რომელი მედია იგულისხმება (ქართული, უკრაინული თუ ორივე);
თუ ქართული, რომელი – სამთავრობო თუ ოპოზიციური;
თუ ოპიზიციური, კონკრეტულად რომელი;
კონკრეტულად, რა არის მედიის ბრალი: ქართული ოცნების ლაივში გაკეთებული განცხადებები მოიგონა, უკრაინელების განცხადებები მოიგონა, ხელი შეუშალა უკრაინულ მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პირდაპირ კომუნიკაციას?;
ან განიმარტოს, რომ ამგვარი განცხადება არ გაკეთებულა, ან გულისხმობდა სხვა რამეს, ან კონტექსტიდან ამოღებამ შეცვალა განცხადების შინაარსი
ან განიმარტოს, რომ ელჩმა შეცდომა დაუშვა და წუხს ამის გამო;
ვიდრე ამ შეკითხვებზე პასუხებს და მტკიცებულებებს ვერ მივიღებთ, ვწუხვარ, მაგრამ ქალბატონი ელჩის განცხადებას განვიხილავ შიშველ სპეკულაციად და დაუსაბუთებელ ბრალდებად, რისი მიზანიც ჩემთვის უცნობია.
ამ წუთისთვის რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული აშშ ელჩის განცხადება ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების და მედიის საქმიანობის ამერიკულ და ქართულ სტანდარტებს და ქმნის იმ საფრთხეების გაზრდის მაღალ რისკებს, რაც ამერიკისვე სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნით, საქართველოში ისედაც უკიდურესად სახიფათო კონდიციაშია. იმედს ვიტოვებ, შეკითხვები არ დარჩება უპასუხოდ,“ – წერს ნიკა გვარამია.
პრაიმ ტაიმი