უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სამხედრო შეიარაღების კოლონების მსვლელობისას უკრაინელ ბავშვებს ფარად იყენებენ.
უკრაინის ინფორმაციით, ბავშვების როგორც ცოცხალი ფარის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა სუმში, კიევსკაიაში, ჩერნიგოვში, ზაპოროჟიეში.
„ბევრი შემთხვევაა, როცა საოკუპაციო ძალები უკრაინელ ბავშვებს სამხედრო შეიარაღებისთვის, როგორც ცოცხალ ფარს იყენებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ნოვი ბიკოვში (ჩერნიგოვის რეგიონი). რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი ბავშვები მძევლად აიყვანეს და სატვირთოებში ჩასვეს. ამ ქმედებების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ სამხედრო აღჭურვილობის კოლონას გადაადგილებაში ხელი არ შეეშლება”, – წერია განცხადებაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ოკუპანტების მიერ ბავშვების მძევლად აყვანა რუსებისთვის ერთგვარი გარანტიაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ძალებს მტრის გადაადგილების კოორდინატებს არ გადასცემს.
შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ბავშვებისადმი არაადამიანი მოპყრობისა და ყველა ომის დანაშაულის შესახებ ცნობებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარუდგენენ.
„ბავშვებისადმი არაადამიანური მოპყრობა დაფიქსირდა უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და თითოეული ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოებს გადაეცემათ, და ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველა ჩადენილი ომის დანაშაულისთვის“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.