„რუსეთს ზუგდიდის განადგურებაც უნდოდა…“ – პაატა დავითაია

„რუსეთს ზუგდიდის განადგურებაც უნდოდა...“ - პაატა დავითაია„არანაირი ნდობა რუსეთის არა მაქვს, საერთოდ არანაირი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არც ერთი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის. თითქოს ჯარების გაყვანაზე დაიწყო საუბარი, ითქვა, რომ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და ამ ყველაფრის ფონზე კიევი, ჩერნიგოვი მაინც დაბომბეს” – აცხადებს “ახალ თაობასთან ინტერვიუში პაატა დავითაია.
– გამოდის, რომ ამ მოლაპარაკებებსაც ფასი არ აქვს, თუკი რუსეთი მაინც არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს.
– მე ერთ მომენტს შევახსენებ ყველას, რატომ ვამბობ, რომ რუსეთის ნდობა არა მაქვს? მე ნანახი მაქვს ეს აფხაზეთში. როდესაც ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი 1993 წლის ივნისში, გამოვიყვანეთ მძიმე შეიარაღება, ზუსტად ხელმოწერიდან ორ თვეში რუსეთმა შემოგვიტია და აიღო სოხუმი განიარაღების ფონზე. ამიტომ ნდობა არის ნული! თუნდაც უკრაინა ავიღოთ, როდესაც რუსეთი, ინგლისი და ამერიკა იყო გარანტორი იმისა, რომ უკრაინა დათმობდა ატომურ იარაღს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იქნებოდა რუსეთი, ამერიკა და ინგლისი. რა მოხდა? მოხდა ის, რომ გარანტმა რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, დღეს უტევს ლუგანსკს, დონეცკს და ბომბავს კიევს. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე?! მათ მიმართ ნდობა არის ნული!
ეს კარგად ესმის უკრაინასაც. ძალიან კარგი პაკეტი დადო მან, როდესაც ყირიმის თემაც ჩადო განხილვის პროცესში. მე დარწმუნებული ვიყავი და პესკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ ამაზე არ დათანხმდებოდა რუსეთი. დღეს რუსეთი ცდილობს შექმნას გადამწვარი ბუფერული ზონა დონეცკთან და ლუგანსკთან. ამას ცდილობდა ის 2008-შიც.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– 2008-ში მე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, მქონდა წვდომა ამ საკითხებთან და შემდგომ ლუკაშენკომაც მითხრა, ბელარუსის პრეზიდენტმა, პირად საუბარში, რომ რუსებმა მოსთხოვეს ბაღაფშს, ზუგდიდი დაებომბა, საერთოდ გაეწმინდა, ხრიოკად ექცია. რუსები დაბომბავდნენ, მაგრამ უნდა ყოფილიყო თქმული, რომ აფხაზებმა დაბომბეს. ქალაქ ზუგდიდის განადგურება უნდოდათ სწორედ ისე, როგორც მარიუპოლი გაანადგურეს და ცაისში იქნებოდა ბლოკპოსტი. თუმცა ბაღაფშმა უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე, მე ქართველებს არ დავბომბავო. რუსეთს ტაქტიკა არ შეუცვლია, რასაც ჩვენთან აკეთებდა, იმავეს აკეთებს უკრაინაში.
დღეს რუსეთის ტაქტიკა არის ამ ტერიტორიის მთლიანად გადაწვა, რომ შექმნას ბუფერული ზონა ლუგანსკთან და დონეცკთან. ეს ღიად ჩანს. ამას უკრაინაც ხვდება. ამ მოლაპარაკებების პროცესის პირობებში რუსეთი შეეცდება გადაჯგუფებას, ხოლო უკრაინა შეეცდება, რომ კარგად მოემზადოს. ჯერჯერობით ეს სურათი იკვეთება. რუსეთი შეეცდება, მაქსიმალურად გაწელოს დრო და რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მიითვისოს.
– ჩვენთან დაკავშირებით რა ხდება ამ მხრივ?
– როგორც კი უკრაინაში რაღაცას მიაღწევს რუსეთი, შემდეგ აუცილებლად ჩვენ მოგვადგება. ბევრს ჰგონია, რომ რუსეთი საქართველოსთვის ვერ მოიცლის. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება, თუ ვინმე ასე ფიქრობს. მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენ რუსებს უნდა გავუგზავნოთ და რაშიც მწარედ შეცდნენ უკრაინაში, არის შემდეგი: რუსებს ჰგონიათ, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ მხარს დაუჭერენ და საზოგადოებაც გაიყოფა.
ნონა ცაბაძე